Friday, June 6, 2014

ექიმები თუ გაყიდვების აგენტები? თინა ტურძილაძე www.medgeo.net-ზე

ამორალიზმი  ჯანდაცვაში, ექიმები თუ გაყიდვების აგენტები?!

თინა ტურძილაძე
6.06.2014

როცა ექიმი წამალს გვინიშნავს, გვინდა გვჯეროდეს მისი...
ამ დღეებში, ზედიზედ რამდენიმე ახლობლის სამედიცინო დანიშნულების გადახედვა მომიხდა, შევწუხდი - ეს არ იყო უბრალოდ არარაციონალური დანიშნულება,  ეს  იყო ჯანმრთელობისთვის საშიში პოლიპრაგმაზია!  დამატებით ამისა, საეჭვო თერაპიული ღირებულების „ბრენდნეიმები“  -  ექიმის „ატკატებისთვის“ 10%-იანი ბონუს ბარათებით.

ბრენდების გამოწერის პრაქტიკა.
წამლების ბრენდული დასახელებებით გამოწერის პრაქტიკა, რომელიც ფორმალურადაც და არაფორმალურადაც ხელშეწყობილია საქართველოში, შინაარსობრივად გულისხმობს ექიმების მიერ პაციენტისთვის კონკრეტული მწარმოებლის წამლის დანიშვნას (?!) აი აქ ჩნდება ექიმის მწარმოებლებთან გარიგების რისკი, „რისკის“ „მოტივაციად“ მეტამორფოზისთვის  ფარმაცევტული ბიზნესი საქმეში რთავს თავის მძიმე არტილერიას - პრომოუშენს“.
„წამლის პრომოუშენი“ საბაზრო ინფორმაციის მართვის ტექნოლოგიაა და  ითვალისწინებს გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების კომპლექსს. ხშირად, უფრო მეტიც, ძალიან ხშირად,  ეს ღონისძიებები სცილდება ეთიკურობისა და კანონიერების ზღვარს. ამ ტიპის ღონისძიებაა მაგალითად - ექიმების „ბონუსების სისტემა“, ანუ „ატკატები“, მაგალითად, კონკრეტული ბრენდის დანიშვნის საზღაურად, ექიმი მწარმოებლისგან (ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელისგან) პაციენტის მიერ წამლის ყიდვის შემთხვევაში, ღებულობს ეგ.წ. „ატკატს“ წამლის ფასის 10%-ს. ეს „ამორალური მარკეტინგია“, რომელიც რყვნის სამედიცინო დანიშნულების პროცესს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და რაც ძალიან ცინიკურია, თავად საზოგადოებას ახდევინებს ამ უკანონო პრომოუშენის ხარჯებს, ვინაიდან ეს ხარჯები წამლის ფასში აისახება.

ამორალიზმი ჯანდაცვაში
ჯანდაცვაში თაღლითობა ადამიანებისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოპარვას  ნიშნავს, ეს საზოგადოებისგან სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მოგიყვანთ მაგალითებს ამერიკის ჯანდაცვიდან, რომლებიც ამ ბოლო წლებში იქნა გამოვლენილი და ადმინისტრირებული ხელისუფლების მიერ.
2008 წელი - კომპანია Eli Lilly &Co
 FDA-მ Eli Lilly-ის პრეპარატი Zyprexa-ს  ავტორიზაცია განახორციელა - ფსიქიკური აშლილობის, ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებული მწვავე მანიაკალური ეპიზოდების (მოკლე კურსით) და შიზოფრენიის (რომელიც სტაბილურია  დაახლოებით 8 თვის განმავლობაში) სამკურნალოდ, Zyprexa არასოდეს არ ყოფილა დაშვებული ჭკუასუსტობის და ალცგეიმერის სამკურნალოდ, არც მასთან დაკავშირებული ფსიქოზების და დემენციასთან დაკავშირებული კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ!!!
მიუხედავად ამისა, კომპანია Eli Lilly ახორციელებდა ამ არასანქცირებული ჩვენებებით პრეპარატის პრომოუშენს. კომპანიამ შექმნა ყალბი მარკეტინგული მასალა არაპირდაპირი დანიშნულებით რეალიზაციისათვის, რომლითაც ექიმებს არწმუნებდა, რომ პრეპარატი ეფექტური იყო  დემენციის, ალცგეიმერის, დეპრესიის, შიშების და ძილის პრობლემების,  ქცევითი პრობლემების (აღგზნება, აგრესია, მტრული განწყობა) კორექციისთვის. ამ კამპანიაში მწარმოებელმა ჩადო დიდი ფინანსური რესურსი და ჩართო თავისი სავაჭრო წარმომადგენლები... მოკვლევით გამოვლინდა, რომ  Eli Lilly-მ უკანონო პრომოუშენი ეტაპობრივად განახორციელა 3 სეგმენტში:  მოხუცებულთა სახლები, სადაც გრძელვადიანი პატრონაჟის პროგრამები ხორციელდებოდა,  პირველად ჯანდაცვაში და ბოლოს ყველაზე დიდი ინვესტიცია უწყვეტი განათლების სისტემაში ჩაიდო, ეს სეგმენტი მილიონობით დოლარით დასპონსორდა, გაიცა გრანტებიც - Zyprexa -ს არასანქცირებული ჩვენებებით დანიშნულების პრომოუშენისთვის.
ამ თაღლითობისათვის Eli Lilly დაჯარიმდა 515 მილიონი აშშ$-ით, ჩამოერთვა 100 მილიონი აშშ$- აქტივები და დაეკისრა ფედერალური ბიუჯეტისთვის 800 მილიონი აშშ$-ის ზარალის ანაზღაურება, ჯამში ჯარიმამ  $1 415 მილიონი აშშ $ შეადგინა (WWW.USDOJ.GOV.) ფინანსური სანქციების პარალელურად, კომპანიას დაევალა თავის ვებ გვერდზე ექიმების კომპენსაციების  (.. მოგზაურობების და დასვენებების) შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება და საერთოდ კორპორატიული საქმიანობის მეტი ტრანსფარენტულობა...
2009 წელი - კომპანია Pfizer.
იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Pfizer-ის შვილობილმა კომპანიამ (Warner-Lambert) სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯებიდან, მილიონობით დოლარი, ქრთამის სახით, გადაუხადა ექიმებს და ჩინოვნიკებს 11 სახელმწიფოში (მათ შორის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც...), ეს დანაშაული აღიარა კომპანიამ... 
ამით არ ამოწურულა Pfizer-ის სკანდალი. როგორც მოკვლევით დადასტურდა კომპანია ახორციელებდა პრეპარატ Bextra-ს უკანონო პრომოუშენს, იმ ჩვენებებით და დოზებით, რომელიც  FDA-ს მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი საფრთხეების გამო არ იქნა სანქცირებული. აღნიშნულის გამო კომპანია დაჯარიმდა  1.3 მილიარდი აშშ$-ით, ანალოგიური ბრალდებით, დავა გაგრძელდა პრეპარატებზე  GeodonZyvox,  Lyrica...დამატებით კიდევ 1 მილიარდი აშშ$ ჯარიმა დაეკისრა ფაიზერს. დადასტურდა ფაიზერის მიერ თავისი პრეპარატების დანიშვნის წახალისებისთვის, სამედიცინო სერვისების პროვაიდერებისთვის ეგ.წ. „ატკატების“ გადახდა.
ჯამში კომპანია Pfizer დაჯარიმდა და დავების რეგულირებისთვის დაეკისრა 2.3 მილიარდი აშშ $-ის გადახდა, დანაშაულის გამოვლენის  ხელშეწყობისთვის 6-მა ინფორმატორმა მიიღო კომპანიის მიერ გადახდილი ჯარიმიდან 102 მილიონ აშშ$.
2012 წელი კომპანია GlaxoSmithKline.
2012 წლის 2 ივლისს აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს საიტზე (WWW.USDOJ.GOV) გამოქვეყნდა ინფორმაცია GlaxoSmithKline-ის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობის შესახებ. საქმე აქაც წამლების უკანონო პრომოუშენს შეეხო, მათ შორის პაქსილს, ველბუტრინს, ავანდიას... მოკვლევით დადასტურდა, რომ კომპანია აყალბებდა პრეპარატების თაობაზე ინფორმაციას და აფინანსებდა  ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მ.შ. სამედიცინო და სამეცნიერო ჟურნალებში, მაგალითად, პაქსილის შესახებ კომპანიამ  გაავრცელა ინფორმაციას, თითქოს  პრეპარატ პაქსილის ეფექტურობა ბავშვებში კლინიკური კვლევებით იქნა დადასტურებული, სინამდვილეში მართლაც ჩატარდა 2  კვლევა, რომლითაც პირიქით, არ დადასტურდა პრეპარატის ეფექტურობა ბავშვებში.
ანალოგიურად გააყალბა გლაქსომ ინფორმაციები ველბუტრინთან (Wellbutrin) დაკავშირებითაც. წამალი, რომელიც FDA-ს მიერ სანქცირებული იყო მხოლოდ დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, მწარმოებლის მიერ, ბაზარზე იყიდებოდა არასანქცირებული ჩვენებებით, მ.შ. - ანორექსიგენულ საშუალებად, სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ, ნარკომანების სამკურნალოდ და ა.შ;  კომპანიამ მილიონობით დოლარით დააფინანსა  პრეპარატის უკანონო  პრომოუშენი, ფულს უხდიდაექიმებს ცრუ ინფორმაციის სპიკერობაში, დანიშნულების წახალისების მიზნით, უფინანსებდა ექიმებს ძვირადღირებულ სადილებს, ექსკურსიებს კურორტებზე, უწყვეტ სამედიცინო განათლების  პროექტებს, იხდიდა ატკატებს ექიმებისთვის...  კომპანიამ აღიარა თავისი დანაშაული! 
ანალოგიური პრობლემებია Avandia, Imitrex, Lotronex, Flovent-თან დაკავშირებით და ა.შ.  სამწუხაროდ ეს სია ძალიან გრძელია... 

კომპანია Medtronic
შთამბეჭდავია, სამედიცინო ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის მედტრონიკის სახელთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის მარკეტინგის სამზარეულო ამერიკის სენატმა მოიკვლია და გამოამზეურა. სკანდალის საგანი, გენური ინჟინერიის მორფოგენეტიკური პროტეინი - Infuse გახდა. Infuse გამოიყენება სპინალურ ქირურგიაში ძვლის ქსოვილის ზრდის სტიმულაციისთვის, ეს ძლიერი ბიოლოგიური აგენტია,  სერიოზული გვერდითი ეფექტებით.  როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ექიმების სახელით, წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში Infuse-ს შესახებ გამოქვეყნებული 11 სტატია, „მედტრონიკის“ მარკეტოლოგების ფარული მონაწილეობით იყო შედგენილი, მარკეტოლოგების მეგობრული რჩევების გათვალისწინება კი სოლიდურად ნაზღაურდებოდა?!  მაგალითად სტატიების მთავარ ავტორს, სპინალურ ქირურგს ქენ ბარკესს კომპანიისგან 1998-2010 წლებში მიღებული აღმოაჩნდა 6.4 მილიონი აშშ $. დოკუმენტალურად დადასტურდა, რომ  15 წლის განმავლობაში „მედტრონიკმა“, ექიმთა 13 კაციან ჯგუფს და მათთან დაკავშირებულ 2 კორპორაციას, გადაუხადა 210 მილიონი აშშ დოლარი.
მგონი საკმარისია ეს მაგალითები, ტრენდის შესაფასებლად.
...
ამასწინებზე, ამერიკელი ექიმის მელისა იანგის (Melissa Young) ბლოგზე სტატია წავიკითზე, რომელიც ასე მთავრდებოდა „...Anyone who complains about our healthcare system should spend a year or two in a third world country “ – „ყველა, ვინც უკმაყოფილოა,  ჩვენი ჯანდაცვის სისტემით, ერთი ან ორი წელი მესამე სამყაროს ქვეყნებში უნდა გაატაროს “...  და მართლაც, ამერიკა იქით იყოს, ჩვენ რა გვეშველება? რა ეშველებათ  მარკეტინგულ ლაბირინთებში უპატრონოდ მიტოვებულ ჩვენ  პაციენტებს? რას აპირებს ხელისუფლება, თუ თვლის რომ საქართველოში ეს პრობლემები არ არის?
რათქმა უნდა ეს პრობლები ჩვენთანაცაა და მისი უყურადღებოდ მიტოვება დაუშვებელია.
ამ პრობლემების დიაგნოსტირებისთვის,ხელისუფლებამ სულ ცოტა ორი რამ უნდა გააკეთოს:
ü  გაასაჯაროვს საქართველოში ჩატარებული და/ან რეგისტრაციის მიზნით მარეგულირებელისთვის  წარმოდგენილი ყველა კლინიკური კვლევის მასალა;
ü  შემოიღოს ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება.
ექიმის სტერეოტიპი?!
რაც შეეხება ექიმებს, ჩემი აზრით, უნდა გადაიხედოს ექიმის სტერეოტიპი. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არც ჯანდაცვაა 100%-ად გარანტირებული და არც  ექიმია  ღმერთი და  ჯადოქარი, ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სხვებივით აქვს პირადი ცხოვრება, პირადი პრობლემები, ტრაგედიაც და ბედნიერებაც,  რომ მას სხვა ადამიანებისავით, ვალდებულებები და მოტივაციები მართავს, ეს უნდა ახსოვდეთ ჯანდაცვის პოლიტიკის არქიტექტორებს!


No comments:

Post a Comment